Thursday, July 25, 2013

მანანას სტილი

მანანიკო. გია აბდალაძის ფოტო
ჩემ მეგობარ მანანაზე უცებ რომ შეგიქმნათ შთაბეჭდილება, მისი კარიერული ცხოვრებიდან ერთ ეპიზოდს აღგიწერთ: სამსახურში რაღაც საშინელი გამოცდის ჩაბარება დააწესეს. ამ გამოცდის ჩასაბარებლად სამუშაო საათების შემდეგ თანამშრომლებს ტრენინგებს უტარებენ. ზამთარია. გარეთ ბნელა. ყველას შია, დაღლილია და სახლში უნდა. თან ღელავენ, ტრენერს რაღაცას ეკითხებიან, რაღაცას წერენ, იხილავენ. მანანაც ქოთქოთებს: „დედა, რა გვეშველება, რომ ვერ ჩავაბაროთ, რა მოხდება, ნეტა, გამოცდაზე რთული საკითხები არ გამოიტანონ“. გვერდით მჯდომს ეკითხება: „კარგად ხარ მომზადებული?“ ამ დროს ხელებზე კრემს ისვამს, ტელეფონს იღებს, თავს დაბლა წევს და სალონში რეკავს, რომ მეორე დღეს წარბების გასაკეთებლად ჩაწერონ.

რამდენიმე ხანს ერთ დაწესებულებაში ვმუშაობდით, ოღონდ სხვადასხვა დეპარტამენტებში და სხვადასხვა სართულებზე. გამიმართლა, რომ ერთ უბანში ვცხოვრობთ, სხვა შემთხვევაში, ალბათ, ვერ დავუახლოვდებოდი. ყოველ დილით გამომივლიდა და სამსახურში დავყავდი. ის დილები ძალიან მენატრება. ჯერ მისი მეუღლე ჩამოივლიდა, რომელსაც მანანამ მანქანა გაუცვალა (თავის სასარგებლოდ) და ხელის აწევით მომესალმებოდა. მერე მანანა მოჰყვებოდა. სალონი გამთბარი და კაროლინა ერერას „212 ვიპის“ სურნელით გაჟღენთილი მხვდებოდა. ეს სურნელი სულ მავიწყებდა ზამთრის ნაცრისფერ დილას, თბილი ლოგინიდან ადგომას და მოსალოდნელ ხანგრძლივ სამუშაო დღეს. იმდენად შემიყვარდა, მერე მეც ჩამოვატანინე მეგობარს. მანანა იჯდა ენერგიული, სციოდა, მაგრამ მაინც მხნედ იყო, საჭეს ტყავის ხელთათმანებით მართავდა. მოკლედ შეკრეჭილი თმა მუდამ წესრიგში, მბზინავი და ახალი გამშრალი, მაკიაჟი – სეზონის შესაფერისი, პომადის ფერი – ყველაფერთან შეხამებული, სამკაულები – ზომიერად ბევრი და გემოვნებით შერჩეული. ჩაცმის სტილი – ელეგანტური და მკაცრად კორპორაციული. წინა სავარძლებს შორის ჩანთა ედო (დიდი ჩანთები უყვარს, რომ ყველაფერი ჩაეტიოს.) უკანა სავარძელზე წინასწარ გამზადებული ლანჩის პაკეტები, ხილი და კიდევ სახლის რაღაცები ელაგა. მივდიოდით და მიყვებოდა, როგორ კერავდა წინა საღამოს ფარდებს სოფლის სახლისთვის, როგორ გამოურთეს წყალი, როგორ ენატრება მისი ვაჟი – ლევანი, რომელიც კინორეჟისორია და გერმანიაში ცხოვრობს, რა სირთულეები ჰქონდა ახალ დანერგილ პროგრამასთან სამსახურში, მიყვებოდა მაღაზიაში ნანახ კაბაზე, ფრჩხილის ლაქის ახალ ფერზე, ეპილაციაზე, ფილმზე, რომლის ნახვაც ვერ დაასრულა... ამ დროს, წითელზე აჩერებდა და მოხუც ქალს ხურდას აძლევდა, თუ რომელიმე მძღოლი თავაზიანობას გამოიჩენდა და გაატარებდა, კმაყოფილებით გაიღიმებდა. აბა მითხარით, რა ჯობია დილაობით ასე მგზავრობას?

შინაურ გარემოშიც ასეთივე მიმზიდველია: გაპრანჭული, კოპწია, ენერგიული, მზრუნველი და ფოფინა. შესანიშნავად ამზადებს, სულ ნაირ-ნაირებს. სამუშაოთი დაკავებულობის და დროის უქონლობის მიუხედავად სახლის საქმეებს საიოლოდ არა, სულ ბოლომდე აკეთებს. შაბათ-კვირას სოფელში მუშაობს. ახლაც მაქვს მურაბა, რომელიც მისი ჩამოტანილი შინდით მოვხარშეთ. ლოჯიაში ერთი მყუდრო კუთხე აქვს არჩეული, წიგნის თაროების ქვეშ პატარა ბალიშებიან-პლედებიანი დივანი უდგას, იქვე ტელევიზორი და პატარა ტუმბო, რომელზეც კალათში ლაქები, მაკრატლები, ქლიბები და სხვა აუცილებელი ნივთები უწყვია.

საკუთარი გარეგნობის მიმართ კრიტიკულია. თითქოს ამის საპასუხოდ, მისმა სამსახურმა სარეკლამო რგოლში გადაიღო. მარკეტინგის დეპარტამენტს სწორედ იმაში გაუმართლა, რომ მანანა სულ ფორმაშია, ნებისმიერ რიგით სამუშაო დღეს. ამიტომ, ხელი სტაცეს და გადაიღეს. გთავაზობთ ბლოგის რუბრიკის – „გამორჩეული ადამიანები“ ინტერვიუს.

 Style Interview

გაიხსენე ბავშვობა.

ჩემს ქუჩაზე სალონი იყო და როცა ეზოში სათამაშოდ მიშვებდნენ, იმ სალონის წინ დავეყუდებოდი და საათობით ვუცქერდი, როგორ ლამაზდებოდნენ ქალები. მინაზე ხელებს ვადებდი და სახეს ვიჩრდილავდი, რომ უკეთ დამენახა, რა ხდებოდა შიგნით. ისინიც ხშირად მამჩნევნენ, შევყავდი და ხან ლაქს მისვამდნენ და ხან თმას მივარცხნიდნენ. დამამთავრებელ კლასებში დავიწყე მაკიაჟის გაკეთება. მაშინ მაკიაჟის სწორად ხმარებაზე ბევრი არაფერი ვიცოდი, მაგრამ ძალიან მიყვარდა. მშობლები, რა თქმა უნდა, მიშლიდნენ და მეც სარდაფში ვიკეთებდი. ხომ წარმოგიდგენია, რა იქნებოდა ნახევრად სიბნელეში გაკეთებული მაკიაჟი. სარდაფში ძალიან სასაცილო კუთხე მქონდა მოწყობილი და ჩემს ნივთებსაც იქ ვმალავდი.

რომელია შენი განსაკუთრებულად საყვარელი სილამაზის პროცედურა?

ყველაფერი, რაც არსებობს! განსაკუთრებით მიყვარს სახის მასაჟი, მანიკური და თმის მოვლა.

როგორია შენთვის იდეალურად ჩაცმული ქალი?

აბრეშუმის პერანგი, მარგალიტის მძივი, საშუალო სიგრძის ან მოკლე ქვედაბოლო, თხელი კოლჰოტი, ქუსლიანი ფეხსაცმელი.

როგორი ჩვევები გაქვს შოპინგთან დაკავშირებით?

თითქმის ყველგან მყავს ნაცნობი მოვაჭრეები, რომლებთანაც მეგობრული ურთიერთობა მაქვს და ხანდახან „განვადებითაც“ მაძლევენ. მაგალითად, მყავს ნაცნობი, რომელსაც აქვს ყავის ევროპული ბრენდები, თანაც შეღავათიან ფასად. ასევე ვიცნობ სურსათით მოვაჭრეებს. ვცდილობ, საკვებად მხოლოდ ისეთი პროდუქტები გამოვიყენო, რომელთა ხარისხშიც დარწმუნებული ვარ.

ცნობილი ადამიანებიდან ვისი სტილი მოგწონს ყველაზე მეტად?

ოდრი ჰეფბერნის, ჟაკლინ კენედის.

გაგვანდე შენი უცნაური ჩვევები.

ალბათ ის, რომ თეთრეულს ვრეცხავ ძველი მეთოდით, ანუ „ვაკრახმალებ“. ძალიან მიყვარს გახამებული თეთრეულის სუნი, ოღონდ ამაში ჩემი გერმანელი მეუღლე არ მეთანხმება, უფრო მეტიც, ვერ იტანს გახამებულ თეთრეულს. ალბათ ეს იმის ბრალია, რომ მე და მას ბავშვობის სხვადასხვა მოგონებები გვაქვს. კიდევ ერთი უცნაური ჩვევა მაქვს, მიყვარს მედიკამენტები და როცა აფთიაქში დაწყობილს ვხედავ, მინდა ყველა მქონდეს და ნებისმიერი შემთხვევისთვის მზად ვიყო.

რომელია შენი საყვარელი ტანსაცმლის და კოსმეტიკის ბრენდები?

ასეთი ბევრია. ჩემი მეუღლე ღვინის ტექნოლოგია და ხშირად იწვევენ სხვადასხვა გამოფენებში მონაწილეობის მისაღებად. როცა მასთან ერთად ევროპაში ვარ, ძირითადად საშუალო კლასის ბრენდების სამოსს ვიძენ. რა თქმა უნდა, მიყვარს ლუქს-ბრენდებიც და როცა საშუალება მაქვს, ამ სიამოვნებას არ ვიკლებ. მაგალითად, ამჟამად ვხმარობ „ესტე ლაუდერის“ სახის კრემებს. როცა რომელიმე კოსმეტიკური საშუალება დამიმთავრდება და იმ დროს არ შემიძლია ძვირადღირებულის შეძენა, უბრალო სააფთიაქო პროდუქციითაც სიამოვნებით ვსარგებლობ.

შეგეცვალა თუ არა გემოვნება ბოლო წლებში?

თითქმის არა. უბრალოდ, ამ ასაკში უფრო ახალგაზრდული, კაშკაშა ფერები მიზიდავს, რადგან ხალისი შემოაქვს.

9 comments:

  1. ნამდვილად ძალიან ელეგანტურია ეს ქალბატონი. წარმატებას ვუსურვებ. მომწონს, რომ ყველაფერს ასწრებს.

    ReplyDelete
  2. მიყვარს ასეთი ქალები: როცა თავსაც უვლიან, საქმესაც ართმევენ თავს და ყველაფერი გამოსდით ხელიდან, როგორც იტყვიან..
    წარმატებები მას და მადლობა, რომ გაგვაცანი შენებურად, თბილად, თიკო :)

    ReplyDelete
  3. ჰაჰა მესმის მანანას მეუღლის :დ ვაიმე, როგორ ვერ ვიტან გახამებულ თეთრეულს, დეიდაჩემი ახამებდა სულ ადრე და მეგონა, ქაღალდებში მეძინა, ისეთი "გამხმარი" იყო პირველი ორი დღე და მერე რბილდებოდა =))))))

    ოჰ, ესტე ლაუდერის კოსმეტიკა მშვენიერია და ფასიც ასეთივე ადევს, ჯერჯერობით ვერ ვწვდები მე :დ

    ReplyDelete
  4. კი, ისიც ქაღალდს ადარებდა! :))))

    სეილებს დაუდარაჯდი :)

    ReplyDelete
  5. dzalian sakvareli adamiania manana :) da shents dzalian sakvareli xar :) dzalian visiamovno axla am postit. dzalian tbili postia :* :* :*

    ReplyDelete
    Replies
    1. <3 rogor gamikharda sheni aq mosvla! :) didi madloba! :)

      Delete
  6. პროფესიონალი და ნიჭიერი ადამიანი ყველგან ასეთია.
    მე შევხვედრივარ მანანას და სხვა ყველა, ზემოთ ჩამოთვლილ თვისებასთან ერთად თბილი და მოსიყვარულე ადამიანია. ერთხელ ნახვის შემდეგაც რაღაცნაირი ნათელი გრძნობა დამიტოვა.
    არაჩვეულებრივი ინტერვიუ გამოგივიდა ჩემო თიკო, თუმცა, ვის ეპარებოდა ეჭვი ამაში!

    ReplyDelete