Thursday, September 27, 2012

Makeover Session at Estée Lauder's

Estée Lauder–ის მოტრფიალე 21 წლის ასაკში გავხდი, როცა შტატებში მასპინძელ ოჯახში ვცხოვრობდი. ოჯახის დედა, Marlene, თვითონ იყენებდა ამ ბრენდის პროდუქციას და მეც მანებივრებდა კოსმეტიკის ჩანთებით, ფრჩხილის ლაქებით (ლაქების მანია აქამდე მომყვა), სასინჯი სუნამოების ნაირსახეობით, პომადებით, თვალის ჩრდილებით, მაკიაჟის ფუნჯებით... როცა საქართველოში დავბრუნდი, იქედან ჩამოსულებს ჩემთვის სასაჩუქრე პაკეტებს ატანდა, რომლებშიც ისევ ვპოულობდი Estée Lauder–ის პროდუქციას... ინტერნეტის ერამდე ჟურნალებში ვკითხულობდი ესტეს კომპანიის ისტორიის შესახებ სტატიებს, ახლა კი ელექტრონული ფოსტით რეგულარულად ვიღებ ინფორმაციას ერთმანეთზე უკეთესი ახალი პროდუქტების შესახებ.  როცა სტოკჰოლმში სოფომ ერთ დიდ უნივერმაღში წამიყვანა, რასაკვირველია, დაუფიქრებლად მივაშურე "მშობლიურ"  Estée Lauder–ის განყოფილებას. კონსულტანტმა მკითხა, რაიმე კონკრეტულს თუ ეძებთო, დამსვა და დაიწყო...

Tuesday, September 25, 2012

Filmstaden

სტოკჰოლმში ყოფნისას, როცა მუზეუმების დახმარებით უფრო ახლოს ვეცნობოდი შვედების ყოფა–ცხოვრებას და ტრადიციებს, ხშირად მახსენდებოდა ჩემი საყვარელი რეჟისორის – ინგმარ ბერგმანის ფილმები. მოთმინება სულ გამომელია და ბავშვივით ხტუნვა დავიწყე, როცა ტურისტულ ბუკლეტში Filmstaden–ს (კინოქალაქი) წავაწყდი. ტექსტიც მაცდური იყო: "follow the footsteps of Ingmar Bergman, Greta Garbo, Ingrid Bergman and other stars of the Swedish film industry."

"ფილმსტადენი" სტოკჰოლმის ჩრდილოეთ ნაწილში, სოლნას რაიონშია. მეტროთი რამდენიმე წუთში მივედით. გავიარეთ მისი ცნობილი თაღოვანი კარიბჭე, რომელთანაც თურმე ავტოგრაფების მომლოდინე კინომოყვარულების რიგი იდგა. იქვე, მარცხენა მხარეს დგას ყოფილი დარაჯის ჯიხური, რომელიც გაადიდეს, გაარემონტეს და კაფედ და მაღაზიად აქციეს. ვიზიტორთა მასპინძელი ძალიან სიმპათიური შუახნის ქალი იყო, არასამუშაო დროის მიუხედავად თავაზიანად მოგვემსახურა და არ გვაგრძნობინა, რომ დროს ვართმევდით. ბილეთები გააფორმა, აუდიოგიდები მოგვცა, ჩვენს კითხვებსაც უპასუხა და ბევრი ღიმილიც გაგვატანა.

"ფილმსტადენის" ტერიტორიაზე რამდენიმე "გაჩერებაა". თითოეულს თავის ისტორია აქვს. მე, ლაშა და ანდრო ერთდროულად ვუსმენდით საკუთარ აუდიოგიდებს, ამიტომ ვერ ვასწრებდით მოსმენილზე წამოძახილების და კომენტარების გაზიარებას. ბერგმანის ადრეული შემოქმედებიდან "ფილმსტადენის" პავილიონში რამდენიმე ფილმია გადაღებული, მათ შორის "მეშვიდე ბეჭედი" და "ზაფხულის ღამის ღიმილები." დანარჩენს ფოტოებით მოვყვები.

Sunday, September 16, 2012

A Trip to Stockholm

მე და ლაშა ცოტა ხნის წინ დავბრუნდით სტოკჰოლმიდან. ვეცდები, ჩემი შთაბეჭდილებები ისევე მშვიდად გადმოვცე, როგორი მშვიდებიც შვედები არიან; თუმცა, რამდენად გამომივა, არ ვიცი, რადგან "ჩრდილოეთის ვენეციად" მონათლულმა ქალაქმა ერთი კვირის განმავლობაში თავისუფლად მოასწრო ჩემი მოხიბლვა. კიდევ ერთი ჩრდილოევროპული ქვეყნის ნახვამ თავდაყირა დააყენა ჩემი შეხედულებები სამხრეთის, სამხრეთული ტიპის ადამიანების, კულტურის, ცხოვრების სტილის შესახებ და დამარწმუნა, რომ თავიდან ბოლომდე ვემხრობი და მომწონს ჩრდილოეთი, თავის სიმშვიდით, სტაბილურობით, ლანდშაფტით, არქიტექტურით, ურთიერთობებით, უბრალო, არაამაყი და მშრომელი ადამიანებით. ბუნებრივია, ბევრი მსგავსება აღმოვაჩინე ჰოლანდიასთან. მასაც, იმედია, მალე ვესტუმრებით.

ჩრდილოეთ ევროპისთვის დამახასიათებელი სისადავე და უბრალოება აქაც თვალშისაცემი იყო და ძალიან მიზიდავდა. ყველა მუზეუმში ექსპონატები სადად და კრეატიულად იყო გამოფენილი. ეს ლაშამაც შენიშნა და ჩემი აღფრთოვანება გაიზიარა. უბრალოდ და სუფთად იყო მოწყობილი ქალაქის პარკები. საერთოდ, ქალაქი თავიდან ბოლომდე მწვანეა და ეს სიმწვანე ყველასთვის მისაწვდომი და თან ხელშეუხებელია.