Saturday, September 5, 2026

When Summer Turns to September

 



ამ ადგილებს მერამდენედ ვაფარებ თავს, მაგრამ მაინც ხარბად და თანაბარი აღტაცებით ვიღებ ბუნების სურათებს. დილით ფანჯრიდან დანისლულ მთებს ვუყურებ. ზოგჯერ ღრუბელი მთებს მთლიანად ფარავს. ეს სანახაობა სულ ახლოს მაქვს და მაღლა კი არა, პირდაპირ. სურათი ხშირად იცვლება: მუქი მთები, ცისფერი ცა და მთის წვერზე პატარა ვარდისფერი ღრუბელი, ან ნაცრისფერი ცა (რომელიც სანდრას არ მოსწონს), მოძრავი თეთრი ნისლი და წვიმა.

ამ საღამოს, ტრადიციული ძილისწინა გასეირნებისას ვარსკვლავებიანი ცა დაგვხვდა და ვინატრეთ, ასეთი ტყე ჩვენი თბილისის სახლის ირგვლივ გვქონოდა, ასეთი მთვარე გვენახა, ასეთი იისფერი პეპლები გვყოლოდა მინდორში.

ამ ვიდეოთი მინდოდა, დასრულებული ზაფხულის და ადრეული შემოდგომის სევდა გადმომეცა.

წლის ამ პერიოდში მკვეთრი აგრილების, არდადეგების დასრულების და მომავალ დატვირთულ დღეებზე შემოწოლილი ფიქრების მეტაფიზიკური ტკბილ-მწარე განცდა მოდის, ნიავთან და ძველ მელოდიებთან ერთად.

დღეს ნაშუადღევს, როცა ჩვენი მეგობრები გაემგზავრნენ და ეზო სიჩუმემ მოიცვა, სასეირნო ბილიკზე ჩრდილები გაწვნენ. მალე ჩვენც წავალთ, რაც, თითქოს, დროის გასვლასავით გულგრილი ჩანს: სტუმრები ბარგს შეკრავენ, ფერად ჩემოდნებს ხმაურით გააგორებენ, მანქანები ეზოდან გავლენ, ბავშვების სიცილი და ნამღერი საქანელებთან მსუბუქ ლანდებად დარჩება.

1 comment:

  1. ვინ უნდა გადმოსცეს უკეთესად დროის სული, მისი რბოლა და ირგვლივ დარჩენილი სურნელი. 😊მუსიკით მთლად გადავეშვი უთბილეს, ჟრუანტელისმომგვრელ მოგონებებში ძველ, კეთილ დროზე... როცა ასეთ სიუჟეტებს იჭერ, ქმნი, იმედსაც დიდს გვიტოვებ ადამიანებს. 🩷

    ReplyDelete