Thursday, August 3, 2017

რა მასწავლეს ინესმა და ჟუსტინმა



ინეს დე ლა ფრესანჟის წიგნი "Parisian Chic" ლაშამ მაჩუქა. მისმა რჩევებმა პერსონალური სტილის შესახებ ჩემზე იმხელა გავლენა იქონია, განსაკუთრებით როცა ახალი წაკითხული მქონდა, რომ მეგობრებს ტვინი წავუღე მისი ციტირებით. მგონი, იმიტომ უფრო მომეწონა, რომ ბევრი საკუთარი ვიპოვე მის ნაწერში, თუმცა სიახლეებიც აღმოვაჩინე. 

ინესის შემდეგ დიდი განმანათლებელი - ჟუსტინ ლეკონტი გავიცანი. მისგან ბევრი რამ გავიგე ფერების თეორიის, მოდის ისტორიის შესახებ, პრაქტიკულ რჩევებთან ერთად. ყოველ ახალ ვიდეოს ხარბად ვუსმენ, რადგან ისეთ ღირებულ ინფორმაციას მაწვდის, თითქოს ევროპის უძველეს ქალაქში, დიზაინის უმაღლეს სკოლაში ვსწავლობდე. 





მათი სწავლებიდან ბევრ შეცდომას მივხვდი, რომლებსაც ადრე ვუშვებდი. ბევრმა რამემ გამახარა და შინაგანი, ინტუიციური გემოვნების უფრო თამამად გამოვლენისკენ მიბიძგა, თანაც მეტი რწმენა შემძინა. 

ჰოდა, რა ვისწავლე/რაში დავრწმუნდი:

- როგორც იმერეთში იტყოდნენ, შენს ტანსაცმელს უნდა ჯობდე. დეტალებით გადაუტვირთავი თარგის არჩევა ჭკვიანური არჩევანია. ერთი ფერის, სუფთა ხაზებით შეკერილი მინიმალისტური ტანსაცმელი ქალის გარეგნობას საუკეთესოდ წარმოაჩენს. ეს ის შემთხვევაა, როცა უყურებ, მოგწონს, მაგრამ ვერ ხვდები, მიმზიდველი ძალა საიდან მოდის.  

- ფერებით ვარირებას ტექსტურით თამაში ჯობია. ამ გზით ჩვენი გარდერობი უფრო მრავალფეროვანი გახდება და ბევრი ანსამბლის შექმნის საშუალებას მოგვცემს. ბევრჯერ მიყიდია ტანსაცმელი იმ იმედით, რომ არსებული გარდერობიდან რამეს შევუხამებდი. საბოლოოდ, ის ტანსაცმელი გასაჩუქებლების სიაში აღმოჩნდებოდა. 

- ტანსაცმელში თავს უნდა გრძნობდე მოხერხებულად, მოსვენებულად და არა დაძაბულად. მითუმეტეს, რომ დღეს პრაქტიკულობის გამო სტილის კომპრომისზე არავინ მიდის.

-  მე მჯერა მოკლე/საშუალო სიგრძის თმის, მოკლე ფრჩხილების და ბრტყელძირიანი ფეხსაცმლის.

- კონკრეტული დღისთვის არჩეული ანსამბლი არ უნდა "ყვიროდეს", რომ ძალიან ეცადე, ბევრი ძალისხმევა გაიღე. ოდნავ სრული თარგი ქალს უფრო ელეგანტურს და თავდაჯერებულს ხდის. 

- მოხერხებულად ჩაცმული ქალი, რომელსაც არაფერი უჭერს და დაძაბული წარამარა არ ისწორებს საყელოს და კაბის კალთას, გარკვეულ რიდს იწვევს. გგონია, რომ ყოველთვის იცის, რა გააკეთოს და ერთნაირად თავდაჯერებულია მეგობრებთან შეხვედრაზე, უცხო გარემოში, გასაუბრებაზე და კოქტეილის საღამოზე. 

- ქალურად ჩაცმა აუცილებლად უნდა შეიცავდეს რაიმე "ხულიგნურ" ელემენტს. უხეში ფეხსაცმელი და ტყავის პიჯაკი შიფონის ყვავილებიან სარაფანთან ერთად; ჯინსი ნაზ ღია საზაფხულო ფეხსაცმელთან ერთად; გაშლილი თმა, ქუსლიანი ფეხსაცმელი, დეკოლტირებული კაბა ერთად - no no no!

- ასევე მჯერა: მოვლილი და სუფთა თმის, რთული ვარცხნილობის ნაცვლად; სახის კანის შესაფერისი თმის ფერის, შთაბეჭდილების მოსახდენად ნაირფრად შეღებილი თმის ნაცვლად; მოვლილი და უნაკლო სახის კანის, სქელი მაკიაჟის ნაცვლად; დატენიანებული და ეპილირებული კანის, უგემოვნო ტატუაჟის ნაცვლად; ერთი ფერის მანიკურის, ნეილ არტის ნაცვლად. 

- ხარისხიანი აქსესუარი: ფეხსაცმელი, ჩანთა, შარფი, სამკაული + უბრალო მაისური და შარვალი = იდუმალების გასაღებს. 

- ფერები: თეთრი, კრემისფერი, ბეჟი, მუქი ბეჟი, ნაცრისფერი, ხაკი, მუქი ლურჯი, შავი. ნეიტრალურ ფერებთან კომბინაციაში ფერის სიმკვეთრე მისაღებია მხოლოდ: პომადის, შარფის, ლაქის, ჩანთის და ფეხსაცმლის შემთხვევაში. ქალმა, რომელიც აღარ არის 22 წლის, უნდა იცოდეს, რომ ბრდღვიალა ვარდისფერი ბლუზა/კაბა აღარ უნდა ჩაიცვას (გარდა პასტელის ვარდისფერისა).







ალბათ, პერსონალურ სტილზე რეფლექსია არასდროს მომბეზრდება.

თქვენ როგორ სტილში გრძნობთ თავს ყველაზე კარგად?

2 comments:

  1. თინი რა საინტერესოდ ჩამოაყალიბე.
    მესიჯი ,,როგორ შეიძლება, ვაჯობოთ საკუთარ ტანსაცმელს" არის ძალიან მაგარი.

    დავფიქრდი და გამახსენდა, რომ პატარა ასაკში, ძალიან რომ მომეწონებოდა ტანსაცმელი და მიყიდიდნენ , ჩავიცმევდი და ვფიქრობდი რომ ეს იყო ყველაფერი. ახლა ვხდები, რომ საკუთარ თავში არსებული ძალაა ყველაფერი.
    იცოდე რა არის შენი სტილი და რა უფრო გიხდება არაჩვეულებრივია, ერთი პერიოდი, პრობლემურად ვიყავი ამ მხრივ, ვფიქრობდი ნეტა ვინმემ დამეხმაროს და მიმაგნებინის ჩემს სტილს- თქო, თუმცა ასეთ დახმარებაზე ახლაც არ ვიტყვი უარს.

    მე , საზაფხულო ფერებში ვარ უფრო, ხშირად მაცვია კაბა, საშუალო სიმაღლის ძირიანი ფეხსაცმელი, ზოგჯერ ქუსლიანებიც.

    ReplyDelete
    Replies
    1. ირი <3

      ეს ბუნებრივი პროცესია, საკუთარ სტილს ვეძებთ... და არავინ იცის, რამდენი ხანი შეიძლება დასჭირდეს მის მიგნებას.

      როგორც დილით განწყობის მიხედვით არჩევ, რა ჩაიცვა, მგონი ისე ინტუიციურად ხდება ხოლმე სტილის მორგებაც, რაც შენს შინაგანს შეესაბამება, ძირითადად იმას იცვამ.

      <3

      Delete