Wednesday, January 27, 2016

სამოთხის ფერი

ირანელი რეჟისორის - მაჯიდ მაჯიდის ფილმი ვნახეთ, "სამოთხის ფერი". ეს რამდენიმე დღეა, იქ ვარ, იქ დავრჩი.

ადრე სხვა ფილმიც ვნახეთ მისი, "ზეცის შვილები". ისეთ ფილმებს იღებს, პირველივე წუთებიდან რომ ყველაფერი გავიწყდება და გაუნძრევლად უყურებ.

სავალუტო კრიზისის, გრიპების ისტერიის და თოვლ-ყინვის შუაგულში მყოფი სულ უფრო მეტად ვისწრაფი იმისკენ, რასაც რეჟისორი გვახსენებს, საითკენაც გვახედებს ჩვენ, რკინაბეტონის ქაოტურ ქალაქში ამომხრჩვალ და საცობებში ნაჯაჯგურებ ეგოცენტრიკებს.


შენ, ადამიანო, ასეთი უნდა იყოო - ამას მკარნახობს ამ პატარა ბიჭის - მოჰამედის ყველა მოძრაობა, მოქმედება. თვალხილულ ადამიანებზე ბევრს ხედავს, ბევრი ესმის; უშუალო და ჰარმონიული ურთიერთობა აქვს გარემოსთან. მასწავლებელმა უთხრა, ღმერთს ვერ დაინახავ, მაგრამ ყველგანაა და უნდა იგრძნო, უნდა შეეხოო. მისთვის ყველაფერი ღმერთის ძალის გამოვლინებაა: ბუდიდან გადმოვარდნილი ბარტყის სუსტი ხმა, კოდალას მორზეს ანბანი, მისი სოფლის მაღალი ბალახი, მდუმარე კენჭები მდინარის ფსკერზე... 

მისგან იმდენად ბევრი სიკეთე და სიყვარული მოდის, ვერ მიუახლოვდები, დაგწვავს. სპეციალურ სკოლაში, სადაც სწავლობს, თავისი პატარა ბუნაგი აქვს. იქ ბებიის და დებისთვის გადანახული საჩუქრები უწყვია. კიდევ მაგნიტოფონი უდევს, სადაც ბებიას ნამღერს უსმენს, სანამ არდადეგებზე სახლში წავა. ყველაფერს, რაც მის ირგვლივ ხდება, სასკოლო პროგრამის ჩათვლით, იოლად, მთლიანად ითვისებს და სწორად იღებს. ეს დამოკიდებულება თითქოს დიდ ადამიანად აქცევს და უფრო მომხიბლავს ხდის.

ფილმში კიდევ ბევრი რამ ხდება, მაგრამ ამჯერად მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, როგორი აღფრთოვანებული ვარ სიკეთის და ადამიანობის ამ ილუსტრაციით.

იდეასთან ერთად, ფილმის ღირსება ისიცაა, რომ ძალიან ფოტოგრაფიულია; ყველაფერი, რასაც ეკრანზე ხედავ, ძალიან ცხადია; თითქოს, რეჟისორს 4D ტექნოლოგია აღმოეჩინოს, რითაც მაყურებელს შეგრძნებების, შეხების და სურნელის თავბრუდამხვევ თავგადასავალში შეიყვანდა.





სანამ ფილმს ნახავდეთ, ჩემს ხელთ არსებული საშუალებით - სიტყვით მეც შეგახედებთ პატარა სამოთხეში:

- სოფელი, სადაც მოჰამედის ოჯახი ცხოვრობს, გურიის ან აჭარის მთიანი სოფელი გეგონებათ. მაღალი ხეები, ყაყაჩოებით მოფენილი მინდვრები, სივრცე.

- ამ სივრცეში ხალასი პატარა ბიჭი, რომელიც ბედნიერია სახლში დაბრუნებით და გზიდანვე გაჰყვირის ბებიას სახელს. ("ბებიას" არ ეძახის: სახელით მიმართავს, ძმაკაცურად.) ერთი სული აქვს, როდის გაინავარდებს მასთან ერთად, ნახავს, რა დათესა და მის თავზე გადამფრენი ფრინველები რას მიაძახებენ.

- ნიავი, რომელიც აზიზის დარგულ მცენარეებს არხევს. ბიჭის ხელი, რომელიც შეისწავლის მათ სიმაღლეს, ფორმას. სწორი დამოკიდებულებით მოგვრილი სიხარული. შრომის საუკეთესო ანაზღაურება - ნაყოფის სიუხვე.

- ახლოს ზღვაა. იქ, სადაც მდინარე ზღვას უერთდება, შლამიანი ადგილია. ხედავთ იმ კუს, ბუჩქებში რომ გახლართულა და მარტო თეთრი მუცელი უჩანს? ან იმ თევზს, გზა რომ აბნევია და შლამში ფართხალებს?

- სოფელში გორაკზე სკოლის კოხტა შენობა დგას, ლამაზად შეღებილი ფასადით. მასწავლებლები აქაც და თეირანშიც ძალიან ჭკვიანი, ალერსიანი, გულისხმიერი და ტაქტიანი ხალხია. 

- მოჰამედის ბებია აზიზს პატარა ხის საქათმეში ქათმები ჰყავს. დილით კალათით მიდიან თბილი კვერცხების ასაღებად. მოჰამედი სათითაოდ იჩერებს ხელისგულზე, უსმენს, ეფერება. 

- ყველაფრის მოფერება მოგინდებათ.

- მოჰამედის დები ყვავილებს კრეფენ: ყაყაჩოებს, ღიღილოებს. მერე ფურცლებად შლიან, ფურცლებს დიდ ქვაბებში ჩაუშვებენ, სადაც წყალი დუღს. წყალი წითლად, ცისფრად, ყვითლად იფერება. მასში ხალიჩის საქსოვ სქელ ძაფს ღებავენ.

სამოთხის ფერებია, არა?

12 comments:

  1. საინტერესოა, რა კარგად აღწერე. ფერები? კი, სამოთხიააა.

    ReplyDelete
  2. Pilmi jer ar minaxavs da martlac is kargad cer Tina, kvelaperi tvalcin damidga, chveni lamazi dedamicis mravali peri...albat gansakutrebit tanamedrove adamians schirdeba aseti pilmebi, aseti xelovneba.vin icis ramdeni ram mivivicket koveldgiuri cxovrebis kaosshi. mivivicket is rac sulitxorcamde chvenia, adamianistvis ganukopelia. chven ki sadgac mivchkmalet es kvelaperi, vitom sulac ar gvchirdeba, isedac magrebi vart...arada is aris chveni, dasabamidanve chventvis gankutvnili, gmertisgan bodzebuli didi gandzi. dae gavaxilot chveni shinagani tvali, ar gamogveparos es kvelaperi,anu kvela-peri( hoi kartuli sitkvis jadosnurobav ) amit xom chven uamravs davkargavt cxovrebashi. madloba rejisors da shen...Nanukas

    ReplyDelete
  3. ara nanukas ara Nanukasgan shen, Tinitas :-)

    ReplyDelete
  4. ირი :* :* :)

    ნანუკა, რეცენზია დაწერე ზუსტად, ფილმის ნახვამდე! ზუსტად ესაა ფილმის დედააზრი! :* უჭკვიანესო. ხომ რაღაცნაირი გრძნობაა ეგ, ნამდვილთან დაბრუნება? დანაშაულის გრძნობანარევი :)

    დიდი ხანია, ასეთი მძაფრი ემოცია და განცდა არ მქონია მხატვრულ ნაწარმოებზე...

    ReplyDelete
  5. ;( ბევრი ცრემლი... და არაჩვეულებრივი განწყობა შენს ბლოგზეც და ფილმის ნახვისას ასევე. საოცარი ღვთისნიერი რეჟისორია თინა. მოგვები ხომ სპარსელები იყვნენ, შობას რომ ეძიებდნენ მაცხოვარს. ბავსვს როგორი სრულყოფილი, "საიმედო" ხელის თითები აქვს. მამაისი ჩვენ ვართ, ადამიანები: დამფრთხალნი, ურწმუნონი, შეშინებულნი საკუთარი შინაგანი ცუდი ხმებით, უბადრუკი რაღაც გრძნობისმაგვარი ნაფლეთების ამარა. კათარზისი ამ მოჩხუბარი სასწაული სტიქიიდან და თინა...რა ფილმია...უფალი რომ შევიდა და თითები გაანათა, ქვემოდან შევაპარე ცრემლიანი თვალები. თინა შენმა სასწაულმა რეცენზიამ, თუ ანონსმა შემიყვანა ამ სამოთხეში და ზოგადად ვგრძნობ, რომ კარგ ნაბიჯებს მადგმევინებ არაჩვეულებრივო რეჟისორო! მადლიერი ვარ და მიყვარხარ!

    ReplyDelete
    Replies
    1. <3 ვიცოდი, რომ ზუსტად ასე აღიქვამდი... მართლაც საოცარი ხელები აქვს, ის ოსტატიც როგორ ეუბნება, ამ ბიჭს ისეთი ხელები აქვს, ყველაფერს მალე ისწავლისო.მამის პერსონაჟიც სულ როგორ ჭიდილშია სინდისთან... :* დიდი მადლობა შენ.

      Delete
  6. შენ მადლობა თინ! არა, მადლს, ნიჭს, რწმენას ეროვნება არ აქვს. ბუმბულებით ავსებული ეზო-სამოთხე...დედის რომ უთხრა: შენ მადარდებ, ის კი არაო. დედის მერე ძალას გრძნობს ბიჭში. იგი ეყრდნობა ამ ბიჭს, აკვირდება და წირავს, რო დარწმუნდეს მისი-სიკეთის უდიდეს ძალაში. ხიდზეც აყოვნებ, როგორც ყველგან.. არაჩვეულებრივია!!!!!

    ReplyDelete
    Replies
    1. <3 <3
      ეგ მართლა სასწაული მხატვრული სახეა - ბუმბულებიანი ეზო!
      ბებიას პერსონაჟია ძვირფასი.
      პირველივე კადრიდან, როცა მამა გამოჩნდება, რა სახით უყურებს შვილს... იქაც ჩანს მისი გაორება.

      Delete
  7. Gcerdi Tina, rom mxolod nacils vukure jer pilmisas, emociurad mets ver gaudzeli...saocari pilmia, agarc ki vici ra vtkva. bolomdec ar minaxavs da ukve minda bevri visaubro, dzalian bevri da tan sitkvebi ar mkopnis. tumca axla albat mainc upro bevrs visaubrebdi shentan, tvitoeul detalze, kadrze, personajze. atasi madloba shen, rom gagvacani es ulamazesi shedevri, Nanuka

    ReplyDelete
    Replies
    1. როგორ მამდიდრებს ეს სიტყვები. ზუსტად ისაა, რასაც განვიცდი... <3 <3

      Delete
  8. "რეჟისორი გვახსენებს, საითკენაც გვახედებს ჩვენ, რკინაბეტონის ქაოტურ ქალაქში ამომხრჩვალ და საცობებში ნაჯაჯგურებ ეგოცენტრიკებს." და კიდევ: "ფილმში კიდევ ბევრი რამ ხდება, მაგრამ ამჯერად მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, როგორი აღფრთოვანებული ვარ სიკეთის და ადამიანობის ამ ილუსტრაციით." შენს მეგობარს (ნანუკა) ვეთანხმები თინა, ძნელია ემოციების გაძლება ჩვენთვის, ეგოცენტრიკებისთვის და შენმა ამ სიტყვებმა-ოქროებმა შემაგდო ამ შემოსილ და სასრულებულ სამყაროში.

    ReplyDelete
    Replies
    1. :) კი, ასეა ზუსტად ... ამიტომაც შეიყვარა ეს ფილმი ნახევარმა მსოფლიომ. სხვა ფილმიც აქვს ბავშვებზე და ერთ სტატიაში წერდნენ, აშკარად რაღაც განსაკუთრებული მიდგომა აქვს რეჟისორს ბავშვებისადმიო :)

      Delete