Tuesday, December 30, 2014

ABOUT FORD

ამასწინათ ვფიქრობდი ცხოვრების კიდევ ერთ სიმართლეზე: როგორ ზედმიწევნით ვემგვანებით მშობლებს და გარკვეულ ასაკში როგორ "ვიმეორებთ" მათ. ასეთი მსგავსება მხოლოდ ღვთის წყალობად უნდა ჩაითვალოს და ამის გაფიქრება ყოველთვის მადლიერების გრძნობით მავსებს. 

ამ თემაზე უფროსები ხშირად მსჯელობენ და მათი მოსმენაც მიყვარს. მშობლების და შვილების ბიოლოგიური, გენეტიკური და ფიზიკური მთლიანობა დიდი ფენომენი და საიდუმლოა. 

როცა მამა დავკარგეთ, ისეთი პატარა ვიყავი, რომ არ მახსოვს. მას ბევრი რამით ვგავარ, დედასგან ვიცი. პირველ რიგში, აღნაგობით, სახის ნაკვთებით, ხასიათის შტრიხებით, კონკრეტული საკვების და საყოფაცხოვრებო ნივთის არჩევანით... სკოლაში სწავლის დროს, ერთ წელს, კალიგრაფია უეცრად შემეცვალა და ზუსტად ისე ვწერ, როგორც ის წერდა. პროფესიით არცერთი შვილი არ დავემგვანეთ, ინჟინერ-გამომგონებელი იყო.

დედაჩემთან მსგავსებას სულ უფრო მეტად ვგრძნობ ასაკის მატებასთან ერთად. ლაშა მეუბნება, ხმით იმდენად გავხარ, ხანდახან მგონია, ტელეფონით დედა მელაპარაკებაო.

დედისგან გამომყვა სქელი, მძიმე თმა. სტუდენტობის ფოტოებზე 70-იანების სტილის ვარცხნილობები აქვს, რაც ძალიან მომწონს.

ჩაცმის სტილი. ბავშვობის წლებიდან დედა შავებში ჩაცმული და მოწყენილი მახსოვს. ამას გაუცნობიერებლად ვაპროტესტებდი და ვთხოვდი, წაესვა წითელი პომადა და ლაქი... ყოველთვის ერთნაირი რამეები არ მოგვწონდა. მოთმინებით იტანდა ჩემს თინეიჯერულ ხუშტურებს. მაშინაც და ახლაც, როცა ტელევიზიით ან ჟურნალში რამე საინტერესოს ნახავს, აუცილებლად დამახვედრებს ამბავს: აი, თიკო, (ჟურნალისტს, მსახიობს და ა.შ.) ასე და ასე ეცვა. ამ დროს უზომოდ საყვარელია. როცა რაიმე "საჭიროს" ვყიდულობ, წამახალისებს, კარგია, ასეთი რამდენიმე უნდა გქონდესო. ახლა ვხვდები, რომ ჩვენს გემოვნებას კარგად გამოხატავს შემოდგომის ჩაცმულობა: ლამაზი ვარცხნილობა, მუხლამდე პალტო, მოხერხებული შარვალი და დაბალძირიანი ფეხსაცმელი; ელეგანტური და თან პრაქტიკული. მწვანე მისი საყვარელი ფერია და ყველაზე მეტად უხდება, - კარგად ეხამება თვალის ფერს.

ღრმა ბავშვობიდან მახსოვს მისი 80-იანების სტილის ქლაჩი, მუქი მწვანე ზამშის ქუსლიანი ფეხსაცმელი (ზემოდან თავისივე პატარა ყვავილის დეტალი ჰქონდა დამაგრებული) და სირმებიანი ბლუზკა.  შემდეგი წლები უფრო ნათელი იყო: შავი აღარ ეცვა, სამსახურში ძალიან დაკავებული იყო და უზომოდ მიხაროდა, როცა ახალ კაბას ან პიჯაკს ყიდულობდა. მაშინდელი: ახალგაზრდა, აქტიური, ელეგანტური და ბევრი საქმის მომსწრები დედა ღრმად მყავს ჩაბეჭდილი ცნობიერებაში და ახლაც, 67 წლის დედაჩემი, ზუსტად ისეთი მგონია. ღამით რომ გამეღვიძებოდა, სახლში შუქი ენთო: დედა აუთოვებდა, ან მურაბას ხარშავდა და მეორე დღის საქმეებს ილევდა. 




მაკიაჟი: ფრჩხილის ლაქი ერთნაირად გვიყვარს. ლამის ყოველ მისვლაზე მიმაქვს ახალი ფერი. კარგი, რა ამბავიაო მეტყვის და მერე სიამოვნებით ისვამს. ასევე ვცდით პომადის ახალ ფერებს სეზონურად. სახის კრემებს ადრე დეიდაჩემი უგზავნიდა სოხუმიდან. ბიძაჩემს ატანდა ხოლმე, როცა მანქანით მოდიოდა. ერთხელაც მობეზრდა კურიერობა და დედაჩემს უთხრა, იქნებ ერთი სამკილოიანი ბანკით იყიდო ეს კრემი, მაცივარში შეინახავ და დიდხანს გეყოფაო.

ყავა: განსაკუთრებით უყვარს და ყოველი მირთმევა მისთვის რიტუალია. ჩემი მეგობრები ხშირად იგონებენ 90-იანებში, უშუქობის დროს შეშის ფეჩზე მოდუღებულ სქელ, თურქულ ყავას. ქუთაისში მეზობლები გვყავდა, უსაყვარლესი ძმები: რომანი და ლევანი. პირველი ყლუპის შემდეგ რომანი აუცილებლად იტყოდა: სუპერ-ყავაა, ნათელა დეიდა! იმ პერიოდში, თუ სახლის ტელეფონი მუშაობდა, ფეჩი გუგუნებდა და ცხელ ყავას სვამდი, არაგიშავდა. ცხადად მახსოვს ერთი საღამო: მეორე ცვლაში ვიყავით და როცა სკოლიდან გამოვედით, უკვე ღამე იყო. დედა დაგვხვდა და ამბავი დაგვახვედრა, ტელეფონი დავიდგითო. ხელჩაკიდებული მოვდიოდით. ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი ტელეფონს. სალათისფერი, ციფერბლატიანი ტელეფონი იყო, პოლონური წარმოების. მამას მეგობარმა გვაჩუქა. სახლში მისვლა და ზარი ერთი იყო: ჩემი დაქალი და მეზობელი რეკავდა, მაკა კინწურაშვილი. 

ჩვენთან ხშირად იკრიბებოდნენ დედას მეგობრები და კოლეგები. ისინი მუდმივად მსჯელობდნენ ლიტერატურულ ნაწარმოებებზე, მწერლებზე. ამან გამიჩინა სწრაფვა რაც შეიძლება მეტი ნაწარმოების გაცნობისკენ. იგივე ეხება კლასიკურ მუსიკას, ოპერას და ბალეტს. ინტერესი პირველად სწორედ მისი მონათხრობიდან გამიჩნდა. დედა მუდმივად ყიდულობდა და იწერდა მაშინდელ პერიოდულ გამოცემებს, ლიტერატურულ ჟურნალებს, რომ ახალი თარგმანები არ გამოპარვოდა. ახლა ლაშა  და ზაზა ჩუქნიან ხოლმე ახალ წიგნებს. 

რამდენი ღამე გაგვითევია უცხოური ფილმების ცქერაში! მსახიობები პირველად მისგან გავიცანი. მერე, დიდობაში, ზოგიერთის გვარი თვითონვე ავიწყდებოდა და მე მეკითხებოდა. სხვათა შორის, ფილმებიდან ფრაზების დამახსოვრება და თავისებური იუმორიც დედასგან გამომყვა.

ყველაზე ძალიან დედას მგრძნობიარე ბუნებით ვგავარ. ჩემთვის მნიშვნელოვანია შინაგან სამყაროში მიმდინარე მოვლენები, ამ სამყაროს მუდმივი განახლება, გარემოსგან შთაბეჭდილების მიღება, დეტალების შემჩნევა, შემდეგ მათი "დამუშავება" და ფიქრი, სილამაზის აღქმა და "დამახსოვრება". წიგნებში და ფილმებში ყველაზე მეტად ასეთი ეპიზოდები მიყვარს, - გმირი მარტო მიდის და ფიქრობს. როცა დედა ჩემს პოსტებს კითხულობს, ზუსტად ვხვდები, მასზე რომელი სიტყვები მოქმედებს, რა მოსწონს და რა აღელვებს. ასეთი ნატურა ხანდახან მევე მაწუხებს ხოლმე. განსაკუთრებით მაქვს განვითარებული შებრალების უნარი, რაც საერთოდ მკლავს და მანადგურებს. ხანდახან ისეთი მოვლენა ან ადამიანი მებრალება, ჩემი სოციალური გარემოს გარეთ, რასაც მე ვერაფერს ვუშველი, ვერც ვერავინ და მერე ამაზე ვჯავრობ, რომ არ უნდა ვიყო ასე.

დედას ასევე ვუმადლი ჩემში მისწრაფებების ჩამოყალიბებას. ახლა ბევრს მსჯელობენ საზოგადოებაში ქალის როლზე. დედა სულ მეუბნებოდა, რომ უნდა გავერკვე, ვინ ვარ და რა მინდა, რომ უნდა ვეცადო, პერსონალური განვითარების მაღალ დონეს მივაღწიო, მივიღო განათლება და მქონდეს პროფესია. მას არასდროს ესმოდა ისეთი მშობლების, ქალიშვილებს თავიდანვე  გასათხოვრად რომ ამზადებდნენ. 

სიტყვები "თავის მიძღვნა" ყველაზე კარგად ახასიათებს დედაჩემს. მთელი მისი ცხოვრება თავის უარყოფა და ჩვენთვის მოძღვნაა. ალბათ, ვერც გადავუხდი, უბრალოდ, თუ დავემსგავსები, ზრუნვასა და სიყვარულში.

.........

ბოლოს, სასაცილო ამბავი იმაზე, თუ როგორ შეერქვა "ფორდი." ეს სახელი ერთ ნაცნობ კაცს ერქვა, რომელიც ავტობუსში შეგვხვდა. (იმ პერიოდში მოდაში იყო ტექნოლოგიური სიახლეების სახელებად გამოყენება.) მე და ზაზას ძალიან გაგვიკვირდა, რა სახელია-თქო და სიცილ-სიცილში დედას შევარქვით. ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო, მაგრამ სახელი აქამდე შემორჩა. უკვე ბევრი ნათესავი და ახლობელი მიმართავს ასე. როცა სახლში მოვიდოდა, ზაზა კარს არ გაუღებდა, სანამ თავისი პირით არ იტყოდა, ფორდი ვარო.

18 comments:

  1. თინიი რა კარგი პოსტია :) მართლაც მშობლებს რაც მეტი წლები გადის მით უფრო ვემგვანებით :) ჩემს დედიკოსაც ძალიან უყვარს ყავა და აქვს მისი რიტუალიც :) მეც ძალიან მიყვარს მწვანე ფერი რადგან ჩემი თავლის ფერს ძალიან ეხამება :))
    მე უფრო მამიკოს ვგავარ, თუმცა ამ ბოლო დროს დედიკოს იერიც დამკრავს :) მოლედ, მაგარია როცა ასეთი კარგი მშობლები გყავს და მათ ემგვანები :) მართალია, მათ ამაგს შენი თჷმის არ იყოს ალბათ ვერასდროს გადავიხდი, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ მათი გული გავახარო :)
    მოკლედ, გისურვებ, შენი დედიკო, და ყველას ვუსურვებ, რომ მშობლის გულები გაგვეხარებინოს და დიდხანს და ჯანმრთელად გვიმყოფოს მათი თავები ღმერთმა :)



    ReplyDelete
    Replies
    1. ამინ! დიდხანს და ჯანმრთელად. :) თუ მათ გულს ვახარებთ, მეტი რაღა გვინდა :)

      Delete
  2. Tina, Tina, Tina!!!! madloba am postistvis chemo usakvarleso! rogori positiuri emocia modis, rogor gamatbo am zamtris tovlian dges, shengan ase shors... kidev da kidev gadavikitxav drogamoshvebit aucileblad.
    rogor gavs dedachems sheni dedi!!! megona dedachemze cerdi... dzalian shemikvarda, sxvatashoris imis gamoc rom sheni tavi gvachuka ;-) gkocni, Nanuka

    ReplyDelete
    Replies
    1. NANUKA! :* :*

      ra kargia, bevri saerto rom aqvt chvens dedikoebs, chvenc imitom vipovet ertmaneti :)

      Delete
  3. სიტყვები არ მაქვს, უთბილესია <3

    ReplyDelete
  4. Mshvenieri postia Tiko. Momikitxe Natela deida didi siyvarulit.

    ReplyDelete
  5. თინიტა, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას ვუსურვებს შენს დედას, კიდევ ბევრი ტკბილი წუთი გაგეტარებინოთ ერთად :) <3

    ReplyDelete
    Replies
    1. madloba, Natalia! :) tqventanac aseve :) Happy holidays!

      Delete
  6. დედა- შვილური სიყვარული, ყველაზე ძლიერი გრძნობაა და კიდე ყველა დედა, ხომ კარგი დედა არ არის , ვერც ყველა ზრდის კარგ შვილს.
    თინი შენ არაჩვეულებრივი დედიკო გყოლია, დიდ ხანს ბედნიერად იცხოვრეთ, სიხარულით.

    როგორ მეცნო მგრძნობიარე ბუნება , წიგნების გავლენა, გმირების გავლენა ბევრჯერ მქონია, ადამიანური ბუნებაა, როცა ღელავ, გული გტკივა, ფიქრობ, განიცდი, სხვის ბედს, სხვის ამბავს. აბა მარტო შენი თავი თუ გაფიქრებს და მეტი არავინ ,ეს რა ცხოვრებაა, მასე არ შევუქმნივართ ღმერთს.
    მრავალ ახალ წელს დაესწარით, თინი ბედნიერი წელი ყოფილიყოს შენი ოჯახისთვის.

    ReplyDelete
    Replies
    1. დიდი მადლობა, ირი! :)
      გამიხარდა, რომ რაც დავწერე, შენთვის ნაცნობი და ახლობელია.
      "აბა მარტო შენი თავი თუ გაფიქრებს და მეტი არავინ, ეს რა ცხოვრებაა, მასე არ შევუქმნივართ ღმერთს." მადლობა ამ სიტყვებისთვის.
      შენც მრავალს დაესწარი შენს ოჯახთან ერთად! :)

      Delete
  7. თიკო, დიდხანს და ბედნიერად იყავით ერთად <3
    ამ პოსტმა იმედი გამიჩინა, რომ ოდესმე მეც წავიკითხავ ჩემზე დაწერილ ასეთ თბილ პოსტს :))))

    ReplyDelete
    Replies
    1. მადლობა, ლიკა! :)
      აუცილებლად ასე იქნება. :) დარწმუნებული ვარ.
      ბედნიერი წელი შენს ოჯახს!

      Delete
  8. ბოლო წინადადებაზე ძაან გამეცინა, რომ წარმოვიდგინე :))

    მაგარი დედიკო გყავს :)

    მას შემდეგ, რაც მეც შვილი მყავს, უფრო მეტ რამეში ვიჭერ საკუთარ თავს, როგორ ვგავარ დედას პიროვნულად და ამავე დროს დედას, როგორც "დედას". მერე მახსენდება ჩემი ბავშვობა და უფრო მეტი მისი დედური დეტალი. წრეა

    ReplyDelete
    Replies
    1. :) :)
      მადლობა, ნინა! :)
      რა კარგია, არა? მოძრაობაში, მანერებში და კიდევ რაღაცებში რომ მშობელს აღმოაჩენ. ქეთი წერდა ზუსტად ამაზე. ;)

      Delete
  9. Თინი, როგორი წრფელი მშობლების შვილი ხარ ❤ და შენი თითოეული სიტყვა ასევე წრფელია! საოცარი სიყვარულით ნაამბობი! ნათელას და ფორდის ამბავი არ ვიცოდი... ჩამოვრჩი.. და ვერც კი ვხვდები, როდის? ან რატომ? Მიყვარხართ ჩემო კარგებო... მამაშენი კი მენატრება საოცრად...მინდოდა, მასაც წაეკითხა შენი ყველა პოსტი ❤

    ReplyDelete
  10. Თინი, როგორი წრფელი მშობლების შვილი ხარ ❤ და შენი თითოეული სიტყვა ასევე წრფელია! საოცარი სიყვარულით ნაამბობი! ნათელას და ფორდის ამბავი არ ვიცოდი... ჩამოვრჩი.. და ვერც კი ვხვდები, როდის? ან რატომ? Მიყვარხართ ჩემო კარგებო... მამაშენი კი მენატრება საოცრად...მინდოდა, მასაც წაეკითხა შენი ყველა პოსტი ❤

    ReplyDelete