Thursday, April 18, 2024

დედა იცინის

 



კვირაში ერთხელ მენტალური არითმეტიკის სკოლაში დავდივართ. ბაღიდან გამოვიყვან, სნექებს მოიმარაგებს და ჯგუფელებს ეგებება. ხშირად სამუშაო მიმაქვს, გვერდით ოთახში მოვეწყობი ფანჯარასთან და გაკვეთილის დროს რაღაცებს ვილევ, ზოგჯერ ქუჩის ქაოსს ვუყურებ და თავს მყუდროდ ვგრძნობ, განსაკუთრებით ცივ ამინდში. იმ დროს მარტო ჩვენი ჯგუფი მეცადინეობს, სკოლაში ჩვენს გარდა არავინაა, მშობლები წყნარად საუბრობენ (ხშირად მეც ვერთვები), ჩვენი ნივთები ერთად აწყვია, ოთახიდან მასწავლებლის და ბავშვების ხმები ისმის. შესვენებაზე ბავშვები გამოეფინებიან, დარბიან, კისკისებენ, სუსნაობენ, თამაშობენ. მერე მასწავლებელი ისევ კლასში აბრუნებს, იქაურობა წყნარდება, ბავშვებისთვის მომარჯვებულ ნივთებს ვალაგებთ და საუბარს ვაგრძელებთ. ამ რუტინას ძალიან შევეჩვიე და ყოველ კვირას ველი. 

დღეს გაკვეთილის შემდეგ მასწავლებელმა მითხრა: "სანდრა წერდა, უცებ თავი ასწია და თქვა: გვერდით ოთახში ჩემი დედა იცინისო." 

ამ სიტყვებს ისეთი მაკურნებელი ეფექტი ჰქონდა, როგორიც ყველა დაღლილ მშობელს სჭირდება, განსაკუთრებით დატვირთულ კვირის დღეებში. შვებისმომგვრელია, რომ ბავშვი ცხოვრებას ასე აღიქვამს. პატარა, კეთილგანწყობილ სივრცეში ახალ ცოდნას იღებს, უხარია და სიამოვნებს თანატოლებთან ურთიერთობა, გვერდით ოთახში დედა ელოდება. მერე ერთად გაუყვებიან ქაოტურ ქუჩას, უსწორმასწოროდ დაყენებულ მანქანებს, გამქრალ ტროტუარს, ბევრს ილაპარაკებენ, წაიკითხავენ წარწერებს და სულ მალე სახლში ავლენ. 

სულ 6 წლისაა და დიდი ადამიანივით იცის ხოლმე წარსულის პატარა ეპიზოდების გახსენება, დეტალების აღწერა, ისეთი მომენტების, როცა თავს ბედნიერად გრძნობდა. მინდა, ეს დღეც დაამახსოვრდეს. მინდა, დიდობაშიც ისე იგრძნოს  თავი, როგორც დღეს, როცა გვერდით ოთახიდან დედის სიცილი ესმოდა.

Wednesday, March 20, 2024

2024 წლის 20 მარტი, ოთხშაბათი

ნაშუადღევს ლაშამ  და მე ყოველდღიურობას რამდენიმე წუთი გამოვტყუეთ, ნაზამთრალი სხეულები გავანიავეთ და ეს მოგონება შევინახეთ.








Tuesday, January 9, 2024

ხეები ზამთარში

Trees. Painting by Sōichirō Tomioka

ჩვენს უბანში მარტოხელა ქალი ცხოვრობს. თხელი აღნაგობა აქვს, ფეხს ცოტათი მიათრევს, უმეტესად მუხლამდე კაბა, ჩექმა და მოკლე პალტო აცვია. დატკეპნილი თხელი თმა აქვს, კბილები - ჩაცვენილი. მუდმივად რომელიღაც ცხოველს ეძებს, რომ გამოკვებოს. ჩანთით  მათი საკვები დააქვს. ძაღლები და კატები სახლშიც ჰყავს შეფარებული და უბნის ცხოველებსაც პატრონობს. იმ დღეს საიდანღაც სახლში ვბრუნდებოდი: ქარი იყო, საღამოვდებოდა, ჩქარი ნაბიჯით მივდიოდი, როცა თვალი მოვკარი: დადიოდა და ცხოველებს ეძახდა, არ ვიცი, ძაღლებს თუ კატებს. როცა პარკში მხვდება, საკმაოდ ენერგიულად ლაპარაკობს, თავისთავზე ჰყვება (ქართველი მსახიობის შვილია), ქაქანებს, რაღაცაზე დაიჩივლებს, სიტუაციას აღწერს, შერყეულ ჯანმრთელობაზე მიყვება და მგონია, არც ისეთ რთულ სიტუაციაშია, რომ სიბრალულს იწვევდეს, გარეთ გამოდის, არც ისეთი ხნიერია... იმ დღეს კი ძალიან შემეცოდა: ახალი წლის წინა პერიოდი იყო, ქუჩა თითქმის ცარიელი, მეზობლებს მანქანები დაეყენებინათ და სიცივისთვის სახლში შეესწროთ, მეც სახლში მეჩქარებოდა. ის კი ყველასგან დავიწყებული ჩანდა. არავის აინტერესებდა ისევე, როგორც ის ქუჩის ძაღლები, რომლებსაც უხმობდა. ისინიც თითქოს სადღაც გამქრალიყვნენ და შებინდებულზე ჩოჩიალით მოსიარულე გამხდარი ქალის ძახილს უფრო ტრაგიკულს ხდიდნენ. მისი ხმა სუსტად ისმოდა დღესასწაულის მოლოდინში მიწყნარებულ უბანში. დღესაც დავინახე აივნიდან: ნაგვის ურნასთან მობორიალე კატას გაეკიდა. კატამ სხეული აზნიქა და გაეცალა. დავინახე და ისევ ის დღე გამახსენდა. 

ასეთ ადამიანებს ყველგან ვამჩნევ და ეს კიდევ უფრო ამძიმებს გარესამყაროს ჩემეულ აღქმას, რომელიც ისედაც სევდისკენაა მიდრეკილი. ადრე, როცა წვეულებები ძირითადად ოჯახებში იმართებოდა, სადმე აუცილებლად შევნიშნავდი მარტო მჯდარ ადამიანს, ან დასახმარებლად შემოსულ მეზობელს, რომელიც მეორე ოთახიდან უყურებდა აჟრიამულებულ სტუმრებს. რატომ ვაკვირდებოდი ასეთ ადამიანებს? ალბათ, საკუთარ თავს ვამსგავსებდი. თუ ოლიმპიური ცეცხლის გენი არსებობს, ჩემს სისტემას ის ნამდვილად აკლია. ხშირად მინატრია, არსებობდეს რაღაც ამ ცეცხლისმაგვარი, რომელსაც ხელში დავიჭერდი და თამამად ჩავურბენდი შიშს და გაუბედაობას. ამაზეც მეტყობა, რომ მირჩევნია, ზებუნებრივ ძალას გავაკეთებინო ჩემი გასაკეთებელი. ახლა საჭიროა, რაღაც გზა მივცე იმ ცოდნას, რაც დრომ და ასაკმა მომცა. საქმის და დატვირთული გრაფიკის მიზეზით თავს ვარიდებ, სხვა დროისთვის ვდებ საკუთარ თავზე რეფლექსიას, რაღაცის დაგეგმვას. არც წელს მაქვს იმედი, რომ ეს მოხდება, მაგრამ ფიქრს მაინც დავიწყებ.

Monday, January 1, 2024

Happy 2024!

ჩაირბინა, ჩაიქროლა კიდევ ერთმა წელმა. შევჩერდით, სული მოვითქვით, გავიხსენეთ, ვისურვეთ, ჩავიფიქრეთ. მინდა, იმ სიტყვებმა, რომლებსაც ერთმანეთს მილოცვებში ვუგზავნით, ფეხი აიდგან, როგორც ზღაპრებშია, განივთდნენ და აგვიხდნენ.