Saturday, December 3, 2016

"ვერწმუნოთ ცივი სეზონის დასაწყისს"

- ინსტაგრამზე ერთი საოცარი მელიას გვერდს ავედევნე. ამ მელიაზე ნაცნობი ბლოგერი ჰყვებოდა. National Geographic-ის ფოტოებში სულ მელიებს ვეძებ და ხარბად ვათვალიერებ. სრულყოფილად ლამაზები არიან. მგონია, ლაპარაკი იციან და როცა ჩვენ გვძინავს, მაშინ უყვებიან ერთმანეთს გაყინული მდინარეების ქვეშ გარინდულ თევზებზე და ტყის ნისლებზე. ჩემს საყვარელ მოთხრობაში - Macaroon ერიკას მელიას სოროში სძინავს. ერიკას გულისთვის მელია ძაღლებთან სასტიკ ბრძოლაშიც კი ებმება. ძაღლები მის ბეწვს გლეჯენ და თათს სტკენენ. კიდევ კარგი, ერიკა სახლიდან წამოღებული მოხარშული დედლით მაინც მოასწრებს მის გამასპინძლებას. ალბათ, ყველა გოგოს უნდა ჰყავდეს მეგობარი მელია, რომელიც, თუ მთლად სახლში არა, მახლობელ ტყეში მაინც იცხოვრებს, მშობლებზე გაბრაზებულ და სახლიდან გამოქცეულ ბავშვს თავის სოროში თბილად დააძინებს და მისი გულისთვის არც ძაღლების ხროვას შეეპუება. 

წყარო: https://www.pinterest.com/tikonadiradze/red-fox-perfection/ 
- მელიას შემდეგ ზღარბის პატრონი გამომეხმაურა, ჩვენც მოგვიწონეო.

- ბავშვობაში რაზეც ვოცნებობდი, იმას ხშირად ვიხსენებდი ხოლმე. გონებაში "გამოვიძახებდი" და ხელახლა გავატარებდი, მაგალითად, მაშინ, როცა სკოლიდან სახლში მივდიოდი. ერთი ასეთი ოცნება მქონდა: სახლში მისულს მამაჩემი დამხვედროდა. ერთხელ გიუნას ვეუბნებოდი (ჩემსავით მამის დამკარგავს), გულის ერთი ნაწილი სულ ცივი და ცარიელია, წლებთან ერთად არაფერი შველის-მეთქი. ისიც თავს მიქნევდა. ამ დროს ერთმანეთს არ ვუყურებდით, შესვენებაზე გარეთ ვიყავით გასული და ზამთრის მუშტაიდში მივსეირნობდით, გამოშიგნულ სათამაშო მატარებლებს შორის.

- ირაციონალური შიშების ადამიანი ვარ. სულ ასე ვიყავი, არსებულის და არარსებულის - ყველაფრის მეშინოდა. როცა კითხვაში ღამეებს ვათენებდი, ან გამოცდისთვის გვიანობამდე ვიჯექი, მაცივრის ხმა მამხნევებდა. ძველი, საბჭოთა მაცივარი იყო და ხმაურით მუშაობდა. მეგონა, სახლში კიდევ ვიღაცას ეღვიძა. ერთხელ დედამ დაიჩივლა, რამხელა ხმა აქვს ამ მაცივარსო. მე წამომცდა, უი, რას ამბობ, ეგ იმედია სახლში-მეთქი. ასე გავეცი ჩემი მშიშრობა. როცა სახლში გვიან ვბრუნდებოდი, არაფრით სადარბაზოში მარტო არ შევიდოდი. სულ ჩემს ძმას ვურეკავდი, რომ ჩამოსულიყო და ავეყვანე. ჩემი მაშინდელი მეგობარი ამაზე ვერელი გოგოების გაწელილი მანერით ამბობდა: "ზაზას დაურეკე." ახლა ვფიქრობ, რა ნორჩი ვყოფილვარ, რომ იმ შიშებზე, ახლა რომ ყოველდღე თვალებში ვუყურებ, წარმოდგენა არ მქონდა.